ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით (ოქმი #4 27.04.2022) ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა.
პროგრამის სახელწოდება
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება
პროგრამის ხელმძღვანელები
ლუიზა არუთინოვი, ასოცირებული პროფესორი;
თეონა ლოდია, ასოცირებული პროფესორი.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი
ფსიქოლოგიის მაგისტრი
სწავლების ენა
ქართული
პროგრამის მიზანი კონცეპტუალურად ეფუძნება უნივერსიტეტის მისიასა და ხედვას, კერძოდ, სპეციალისტის მომზადებას, რომელსაც ექნება ღრმა ფუნდამენტური ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები დარგში
სამაგისტრო პროგრამის ძირითადი მიზანია პროფესიონალი ფსიქოლოგის მომზადება ბავშვისა და მოზარდის ფსიქოლოგიური შეფასებისა და კონსულტირების სფეროში, რაც ხელს შეუწყობს სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვების ფსიქოლოგიური შეფასებისა და დახმარების, მათი მშობლებისა და პედაგოგების კონსულტირების მიმართულებით არსებული საჭიროებების კვალიფიცირებული კადრებით დაკმაყოფილებას.
ამ მიზნის განსახორციელებლად დასახული ამოცანები შესაბამისობაშია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში გაწერილ მოთხოვნებთან. კერძოდ, პროგრამა ემსახურება ისეთ ამოცანებს, როგორებიცაა:
- ბავშვებისა და მოზარდების შეფასებასა და კონსულტირებისათვის საჭირო თეორიული ცოდნის შეძენა და პრაქტიკული ჩვევების ჩამოყალიბება;
- მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე ბავშვისა და მოზარდის აქტუალური მდგომარეობის შეფასება, პიროვნული და ქცევითი დარღვევების იდენტიფიცირება და დროული ღონისძიებების უზრუნველყოფა;
- სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტებთან მუშაობის ტექნიკის დაუფლება, თანამედროვე ფსიქოლოგიურ სივრცეში აღიარებული უცხოური ინსტრუმენტების ქართული ვერსიების შექმნისა და მათი სტანდარტიზაცისათვის ხელშეწყობა.
- მოზარდთა დელიკვენტური ქცევის ფსიქოსოციალური დამცავი და რისკფაქტორების ცოდნა, შესაბამის საკვლევ ინსტრუმენტებთან მუშაობის ათვისება, საგამოძიებო/ საპროცესო მოქმედებებისათვის ბავშვის/ მოზარდის ფსიქოლოგიური შეფასება და მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
- პროგრამაზე დაიშვება მხოლოდ ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ფსიქოლოგიაში აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც ჩააბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდებსა და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდას. აღნიშნული წინაპირობა უზრუნველყოფს შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების მქონე პირთა პროგრამაში ჩართვას.
- შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა განვითარების ფსიქოლოგიაში;
- მოტივაციის წერილი;
- გასაუბრება ინგლისური ან გერმანული ენებიდან ერთ-ერთზე (სპეციალურად მომზადებული ტექსტების თარგმნა და წარმოდენა გასაუბრების პროცესში).
ცოდნა და გაცნობიერება
სტუდენტი:
- კრიტიკულად მსჯელობს სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვების ფიზიკურ, კოგნიტურ და ფსიქოსოციალური განვითარების კანონზომიერებზე;
- აანალიზებს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, პიროვნული თუ ქცევითი დარღვევის ნიშნებს. კრიტიკულად განიხილავს ფსიქიკური აშლილობების სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებს, რის საფუძველზეც ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას და სათანადო სპეციალისტის ჩარევის საჭიროების განსაზღვრას;
- სიღრმისეულად აანალიზებს ფსიქოდიაგნოსტიკისა და ფსიქოკონსულტაციის სფეროში პრინციპული მნიშვნელობის საკითხებს. აფასებს სხვადასხვა ტიპის სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტებს და ფლობს მიღებული შედეგების საფუძველზე კვალიფიციური დასკვნის შემუშავების პრინციპებს.
- კრიტიკულად აანალიზებს ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდებისა და მონაცემთა დამუშავება–ინტერპრეტირების ტექნიკებს.
უნარები
სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:
- ბავშვისა და მოზარდის აქტუალური მდგომარეობის ადეკვატური შეფასება; არსებული შეფერხებების დროულად გამოვლენა, სათანადო ფსიქოლოგიური გამოკვლევის და დახმარების სტრატეგიის დაგეგმვა, მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით მშობელთა და მასწავლებელთა კონსულტირება;
- გამოვლენილი სირთულეების შესაძლო მიზეზთა გამოკვეთა და შემდგომი განვითარების პროგნოზი;
- საკონსულტაციო საქმიანობის პროცესში ეკლექტური მიდგომის გამოყენება, რაც კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით სხვადასხვა თერაპიული ტექნიკების ელემენტების გამოყენებას გულისხმობს;
- კვლევითი სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვა და წარმართვა; კვლევის სხვადასხვა მეთოდის – რაოდენობრივი, თვისებრივი, case-study – გამოყენება; გარკვეული ფსიქიკური მოვლენის შინაარსის შესწავლის საფუძველზე შესაბამისი ცვლადების გამოყოფა და მათი საკვლევი მეთოდების შერჩევა, მონაცემთა ანალიზის შესაბამისი სტატისტიკური პროგრამისა და ოპერაციების ადეკვატურად გამოყენება.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:
- სწავლის პროცესის წარმართვა, ცოდნის მუდმივი განახლება. პროფესიული საქმიანობის პროცესში თანამედროვე სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დაცვა;
- საკუთარი პროფესიული განვითარების რეფლექსია, დაგეგმვა და განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კოლეგების მხარდაჭერის საფუძველზე.
ნებისმიერი ორგანიზაცია, რომლის საქმიანობა უკავშირდება სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვთა აღზრდა–განვითარებას თუ სწავლებას, მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვასა და რეაბილიტაციას, მათთვის პროფესიული დახმარების აღმოჩენას. კერძოდ, ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო თუ კერძო კლინიკა, სკოლა და სკოლამდელი დაწესებულება, აგრეთვე, პენიტენციალური თუ სხვა ინსტიტუცია; სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო სამსახურები, საკონსულტაციო მომსახურების ცენტრები და ა.შ.
მიღებული ცოდნის საფუძველზე მაგისტრები საჭიროების შემთხვევაში და გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდეგ შეძლებენ იმუშაონ არა მხოლოდ ბავშვებისა და მოზარდების, არამედ მოზრდილთა ფსიქოლოგიური შეფასებისა და პროფესიული შერჩევის სფეროში.
ისინი შეძლებენ განახორციელონ კვლევითი, საკონსულტაციო თუ საექსპერტო სამუშაო ბავშვთა და მოზარდთა განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პოლიტიკის სფეროში; აგრეთვე, გააგრძელონ სწავლა დოქტორანტურაში. დაიკავონ აკადემიური თანამდებობა უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში.